Remothered: Tormented Fathers, Review

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Remothered: Tormented Fathers

Unread post#1 » 31 Aug 2019 23:01

>>>

Remothered: Tormented Fathers

მეოცე საუკუნეში იტალიაში გაჩნდა ჰორორის ჟანრი giallo. სიტყვა giallo იტალიურად ყვითელს ნიშნავს და დაკავშირებულია კრიმინალური საკითხავის სერიებთან, რომელიც 30-იანი წლებიდან ყვითელი ყდით გამოიცემოდა. ჟანრი ძირითადად მოიცავდა მისტიკის, დეტექტივის, ფსიქოლოგიური ჰორორის, სლეშერის და კრიმინალური თრილერის ელემენტებს და ნაკლებად ჰქონდა ზებუნებრივი ელემენტები. დღესაც ამ სახელით იტალიაში ნებისმიერ ზემოაღნიშნული ჟანრის ნაწარმოებებს მოიხსენიებენ, ინგლისურენოვან ქვეყნებში კი მხოლოდ იტალიურ ჰორორებს. 60-იანი წლებიდან ჟანრმა კინოეკრანებზე გადაინაცვლა და გაჩნდნენ საკულტო რეჟისორები: მარიო ბავა, ლამბერტო ბავა, ლუჩიო ფულჩი, დარიო არჯენტო, პუპი ავატი, სერჯიო მარტინო... სწორედ ამ ჟანრის ფილმი - კერძოდ დარიო არჯენტოს Phenomena გახდა Human Entertainment-ის მიერ შექმნილი საკულტო იაპონური ჰორორის - Clock Tower: The First Fear-ის შთაგონება. თამაში კონსოლ Super Famicom-ზე გამოვიდა მხოლოდ იაპონიაში, თუმცა Playstation-ზე გამოსული Resident Evil-ის ფურორის შემდეგ, შემქმნელმა ჰიფუმი კონომ გადაწყვიტა გაგრძელებაზე ემუშავა და Clock Tower 2 გამოუშვა, რაც დასავლეთშიც გამოვიდა და Clock Tower-ის სახელით არის ცნობილი. ეს იყო პირველი თამაში რითაც სერიები დასავლეთში გაიცნეს, ხოლო Clock Tower 2: Struggle Within-ის სახელით გამოსული ნაწილი იაპონიაში ცნობილი იყო როგორც Clock Tower: Ghost Head და ეს ნაწილი საკმაოდ ჩამორჩებოდა წინამორბედებს. 2000 წელს Human Entertainment-მა საქმიანობა შეწყვიტა და სერიებზე უფლებები Sunsoft-მა იყიდა. Sunsoft-მა მესამე ნაწილი Capcom-თან ერთად Playstation 2-ზე გამოუშვა, ეს ნაწილი კიდევ უფრო აცდა სერიებს და ბოლოს magical girl ანიმე ჟანრში დამთავრდა, ხოლო თავად Capcom-მა სერიების spin-off-ად Haunting Ground (იაპონიაში ცნობილი როგორც Demento) შექმნა, რამაც ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა მთავარი პერსონაჟის ფანსერვისის მიუხედავად. ამის შემდეგ Clock Tower სერიები მხოლოდ ფანების ენთუზიაზმის იმედად დარჩა. იყო ინდი პროექტები, იყო RPG Maker-ში გაკეთებული რამდენიმე თამაშიც, სადაც დევნის მექანიკა საკმაოდ კარგად იყო გამოყენებული, მაგრამ Clock Tower-ის სრულფასოვანი გამგრძელებელი მაინც არსად ჩანდა.

2009 წელს გამოჩნდა RPG Maker-ში შესრულებული ინდი პროექტი - Remothered, რომელსაც სათავეში მხატვარი კრის დარილი ედგა. მარიო კრისტოფერ დარილ ვალენტი 1989 წელს დაიბადა კატანიაში (სიცილია, იტალია). იგი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ფილმებით და ვიდეო თამაშებით და მომავალშიც ამ სფეროს გაჰყვა. პროექტი Remothered ვიზუალურად ძალიან წააგავდა Clock Tower-ს და მის სულიერ გამგრძელებლად მოიაზრებოდა, თუმცა თამაშმა სამჯერ განიცადა ცვლილება და ვერცერთმა დიდხანს ვერ გასტანა. გარკვეული დროის შემდეგ დარილმა ჰიფუმი კონოს (Clock Tower-ის შემქმნელი) ყურადღება მიიპყრო და Kickstarter პროექტ NightCry-ში მიიწვიეს ერთერთ concept artist-ად, სადაც ჰიფუმი კონოსთან ერთად მონაწილეობდნენ მასაჰირო იტო (Silent Hill სერიების მხატვარი) და ტაკაში შიმიცუ (Grudge-ის რეჟისორი). NightCry იაპონური ჰორორ ფანებისთვის ძალიან იმედის მომცემი პროექტი ჩანდა, დაფინანსებაც მოიპოვა და 2016 წელს გამოვიდა, თუმცა საკულტო ფიგურების მონაწილეობის მიუხედავად წარმატებულ თამაშად ვერ შედგა, ვერც სთორის და ვერც გეიმფლეის მხრივ. NightCry-ში მონაწილეობის შემდეგ დარილმა Unreal Engine-ში Remothered-ის განახლება დააანონსა და 2017 წლის ოქტომბერში Early Access-ზე გამოვიდა არასრული ვერსია, 2018 წლის 30 იანვარს კი სრული ვერსიაც დაიდო.

თამაში Clock Tower-ის ტრადიციებს მიჰვება თუმცა არც სხვა ცნობილ იაპონურ survival horror-ებს უვლის გვერდს. თამაშის ცალკეულ დეტალებზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ჰორორ თამაშებმა როგორებიცაა: Silent Hill, Siren, Haunting Ground და Rule of Rose. ასევე აღსანიშნავია ფილმების გავლენაც - იტალიურ ჰორორებთან ერთად, რომან პოლანსკის და ალფრედ ჰიჩკოკის ფილმების. თამაში არც 90-იან წლებს უვლის გვერდს - ადვილად შესამჩნევია მთავარი პერსონაჟის - როზმარი რიდის მსგავსება ჯოდი ფოსტერის გმირთან - კლარის სტერლინგთან (The Silence of The Lambs). დარილმა ინტერვიუში მსგავსება დაადასტურა, თუმცა აღნიშნა რომ პერსონაჟის ინსპირაცია კლარის სტერლინგის გარდა დანა სქალი (The X Files), მელანი დენიელსი (The Birds), როზმარი (Rosemary’s Baby), ბეტი (Mulholland Dr.) და ელენ მაქსველი (Clock Tower) იყვნენ.

>>>

თამაშს იაპონური ჰორორების მოყვარულთა მხრიდან საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. კეიჩირო ტოიამამ (პირველი Silent Hill-ის და Siren სერიების შემქმნელი) თამაში მოიწონა და კრის დარილთან მუშაობის სურვილიც კი გამოთქვა, რაზეც დარილმაც თანხმობით უპასუხა მისთვის ავტორიტეტულ ფიგურას. შექმნიან თუ არა ერთად რამეს ჯერჯერობით უცნობია.

Remothered: Tormented Fathers-ის სიუჟეტი 1973 წელს, იტალიის პროვინციულ ადგილას, ფელტონების ვილაში ვითარდება. ვილა ეკუთვნის ყოფილ ნოტარიუსს - რიჩარდ ფელტონს და მის მეუღლეს - არიანა გალოს. მათ მფლობელობაში ასევე შედის ღვინის კომპანია “როსოგალო”, რომლის პლანტაციებშიც 1971 წელს მომხდარი უკანონო სამედიცინო ექსპერიმენტების საქმეზე ოჯახი სკანდალში გაეხვა. სკანდალის შემდეგ მალევე მათი ნაშვილები გოგონა სელესტი გაუჩინარდა. თამაშის მთავარი პერსონაჟი - ექიმი როზმარი რიდი, სწორედ ამ გოგონას გაუჩინარების საქმეზე აკითხავს ფელტონების ოჯახს და საშინელებაც იმ ღამით იწყება. თამაშის სიუჟეტი giallo ჰორორის ტრადიციებს მიჰყვება და კვანძები თამაშის ბოლომდე არ იხსნება. შინაარსის დეტალურად გასაგებად თამაშში მოცემული ნაპოვნი ფაილების წაკითხვაა აუცილებელი.
მთლიანობაში ეს არის ამბავი ტრავმირებულ და ნატანჯ ადამიანებზე, მათ ტკივილზე, მოგონებებზე და შურისძიების წყურვილზე. თამაშის თემატიკა ეხება ისეთ თემებს როგორიცაა: ოჯახური ძალადობა, ომის შედეგები, რელიგიური ფანატიზმი, არალეგალური სამედიცინო ექსპერიმენტები, მენტალური აშლილობა, ფსიქოლოგიური და სექსუალური ზეწოლა და ამ ყველაფერს შესაშური თანმიმდევრულობით ხლართავს საშიშ და სევდიან ამბავში. შედეგად კი შემაძრწუნებელი ბნელი მოვლენები ტრაგიკულ ამბად გარდაიქმნება, დაგროვებულ შიშს და დაძაბულობას კი თანაგრძნობა ცვლის.

თამაშის გეიმფლეი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ერთია სახლში ჩუმად გადაადგილება, ნივთების ძებნა და მათი გამოყენება, თუმცა ეს ყველაფერი დაძაბული მუსიკის ფონზე ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი. მეორე ნაწილია მდევრისგან გაქცევის და თავის დაღწევის რეჟიმი. ჩვეულებრივ მდევარი სახლის ორივე სართულზე გადაადგილდება და მოთამაშეს უწევს სტელსით აუაროს გვერდი. ყურადღების გადასატანად შესაძლებელია დივერსიული ნივთების გამოყენებაც, ვინაიდან, ნებისმიერ ხმაურს და მათ შორის სირბილის ხმას, მდევარი აუცილებლად ამოწმებს, დანახვის შემთხვევაში კი მოსაკლავად მისდევს მსხვერპლს. მდევრისგან თავის დასაღწევად ორნაირი დამალვის პრინციპია წარმოდგენილი: ერთია შედარებით უსაფრთხო გზა - კარადაში ან დივნის ქვეშ დამალვა - ამ შემთხვევაში მდევარი მოდის და კონტროლერზე ანალოგით “სუნთქვის შეკავებაა” საჭირო. მეორე შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტულ მანძილზე გაქცევა და შემდეგ გარემოში დამალვა - სკამის ან მაგიდის უკან - ამ დროს მდევარი წრიულად დადის და ყველაფერს ამოწმებს, რაც დაძაბულობას ბევრად უფრო ზრდის და დანახვის შანსიც დიდია. გაქცევის დროს ასევე შესაძლებელია დივერსიული ნივთების სროლა ან დაჭერის შემთხვევაში თავდაცვითი ნივთების (დანა, მაკრატელი) გამოყენება, რაც მდევარს დროებით ანელებს და გასაქცევ დროს შედარებით ზრდის.

>>>

თამაშის ვიზუალური მხარე ორად შეიძლება დავყოთ: გარემო და პერსონაჟები. გარემო საკმაოდ კარგად გამოიყურება, დამუშავება საკმაოდ შეკრული და დამაჯერებელია კარგად არის გამოყენებული განათება და ფერები, რაც აძლიერებს ატმოსფეროს და თამაშის პროცესს ჩამთრევს ხდის - თითქოს ჰორორ ფილმი იყოს გაცოცხლებული. ინტერიერში შესამჩნევია ფელტონების ხელოვნებისადმი დაინტერესება, შესამჩნევია რელიგიური ხასიათის ნიმუშებიც, რაც სახლში მომხდარ მოვლენებს უფრო მეტ სიღრმეს ანიჭებს.
რაც შეეხება პერსონაჟების მოდელებს და მათ ანიმაციას - ქალი პერსონაჟები ძალიან ცუდად გამოიყურებიან, მათი მოდელები არაპროპორციულია ხოლო ანიმაცია კი პირდაპირ რო ვთქვათ სასაცილოა და ძალიან ამოვარდნილი ჩანს გარემოდან, თუმცა მოხუცი რიჩარდ ფელტონი და დანარჩენი მდევრები საკმაოდ კარგად მოერგნენ გარემოს და მათი ანიმაციაც არ ქმნის პრობლემას. ამ მინუსზე თვალის დახუჭვა ნამდვლად შესაძლებელია იმ კონტენტის გამო რასაც თამაში იძლევა.

Remothered-ის მთავარი და ჩემი აზრით ყველაზე აღსანიშნავი ელემენტი, რაც შეიძლება ჩაითვალოს რომ თამაშის გული და არტერიებია - ეს არის მუსიკალური გაფორმება. მთელი თამაშის განმავლობაში არ წყდება დაძაბული ჰიჩკოკისეული სასპენსის შექმნის პროცესი, ექსპლორაციის თუ დევნის დროს, მოთამაშის და მისი ემოციების გზამკვლევი სწორედ მუსიკაა - ძალიან დაძაბული და შემაწუხებელი, რომელიც ღრმად შედის მოთამაშის ნერვებში და თითქოს თავის ნებაზე ამოქმედებს, ხანდახან კი მშვიდი და მელოდიური ხდება, სენტიმენტალურ შეგრძნებებს აღძრავს და ცოტა ხნით მოდუნების საშუალებას იძლევა. თამაშის კომპოზიტორები არიან კარგად ნაცნობი იაპონელი ნობუკო ტოდა (Metal Gear Solid სერიები, Final Fantasy XIV, NightCry) და აქამდე უცნობი იტალიელი ლუკა ბალბონი.

ბოლოს ვიტყვი რომ, არ ვიცი შემდეგი ნაწილები როგორი იქნება, მაგრამ პირველი ნაწილი საყვარელი ჰორორების სიაში შემყავს და Clock Tower: The First Fear-ის გვერდით თამამად იკავებს ადგილს. Remothered არ არის ბოლო წლების ტრენდებზე აყოლილი ჰორორი, არც ცნობილი ავტორების მითოლოგიას სესხულობს, არც შიშის სიმულატორია, სადაც მთავარი მიზანი მოთამაშის მხოლოდ ატმოსფეროთი შეშინებაა (მსგავსი ელემენტის ნაკლებობას კი ნამდვილად არ განიცდის). ეს არის სწორად შეკრული, მხატვრულად გააზრებული და აზრიანი სიუჟეტის მქონე თამაში კარგი კინემატოგრაფიული ხარისხით (ცუდი ანიმაციის მიუხედავად), როგორიც საკმაო ხანია survival horror ჟანრში არ ყოფილა. ამ თამაშით შეიძლება ითქვას რომ Clock Tower-ის დაწყებული მიმართულება გეიმინგში იტალიურ ფესვებს დაუბრუნდა. მხატვრული თუ კინემატოგრაფიული მხრივ, ეს არის ნამდვილი იტალიური giallo ჰორორი იტალიელი დეველოპერისგან. წინ კიდევ ორი ნაწილის გამოსვლაა დაგეგმილი და მეორე ნაწილი 2020 წლის ზაფხულში გამოვა.

თუ თამაშს გადაწყვეტთ, ჩემი რჩევა იქნება ტრეილერი არ ნახოთ და წინასწარ არ დაისპოილეროთ მდევრების ვიზუალი. ბევრად შიშის მომგვრელია როდესაც მოულოდნელად უცნობი გაურკვეველი არსება ჩნდება თამაშში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11862

Re: Remothered: Tormented Fathers

Unread post#2 » 03 Sep 2019 15:22

სქრინები ვნახე სტიმზე შენი და უნდა მეკითხა როგორიათქო
საინტერესოა ყველა ასპექტში რაც დაწერე, მარა მაინტერესებს ორი რამე, რამხელაა ხანგრძლივობის ამბავში? და რადგან ორი სერია კიდე გამოდის, შუაში ხო არ წყდება სიუჟეტი სერიალის მსგავსად?

User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Re: Remothered: Tormented Fathers

Unread post#3 » 03 Sep 2019 15:27

არა ეს ამბავი მთავრდება აქ ფელტონებზე, მარა ბავშვის ამბავი გრძელდება.
თამაში სადღაც 6 საათი იქნება რა, თუ იცი უკვე ყველაფერი 3 საათშიც დახურავ ალბათ, როგორც ძველი ჰორორები რა. თან კარგი ისაა რო ეს ერთი გეიმფლეი 10-20 საათზე არ იწელება და ყელში არ ამოყავთ, გემრიელად მიდის პირიქით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11862

Re: Remothered: Tormented Fathers

Unread post#4 » 10 Sep 2019 23:29

ეს სრულფასოვანი მეორე ნაწილია ?
Broken Porcelain

User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Re: Remothered: Tormented Fathers

Unread post#5 » 11 Sep 2019 03:28

კი ეგ დაგეგმილია 2020-ში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 28 guests


cron