Donkey Kong Country, რეტროსპექტივა (SNES)

Reviews / Retrospectives / Analysis / Interviews /
User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Donkey Kong Country

Unread post#1 » 16 Sep 2015 00:26

>>>

დიახ მეგობრებო, არ გეჩვენებათ! ბანში დაბრუნდა ისევ და მზადაა ემსახუროს გეიმ ოვერს ^-^ საქმე იმაში იყო რომ, ჩემი ბებერი ლეპტოპი (რომელიც უკვე 7-8 წელია მაქვს) გაფუჭდა და ჩავარდა 2-3 თვიან კომაში. და აი როგორღაც გამოვტაცე ჩემი ერთგული მეგობარი სიკვდილს კლანჭებიდან და ისევ ხარივით არა მაგრამ ვირივით მუშაობს და თავის საქმეს ასე თუ ისე ართმევს თავს. ამასობაში ბანში ხელდაკრეფილი არ იჯდა და არ უცდიდა როდის გამოვიდოდა ლეპტოპი კომიდან, არამედ კონსოლებზე გააგრძელა მოღვაწეობა და არაერთი თამაში დაასრულა, შესაბამისად დასაწერიც ბლომად დაგროვდა და ყველაფერი თავის დროზე იქნება. ჩემს დაბრუნებას კი ავღნიშნავ ფრიად ახალი მიმოხილვით (როგორც ყოველთვის რეტროსპექტივა) რომელიც დანკი კონგს ეხება. ეს მშვენიერება 1994 წელს გამოვიდა ექსკლუზიურად სუპერ ნინტენდოზე, კომპანია Rare-ს მიერ და ეს პირველი დანკი კონგის თამაშია, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია შიგერუ მიამოტოს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გადავიდეთ უშუალოდ მიმოხილვაზე.

>>>

გახსოვთ ბოროტი დანკი კონგი? რომელიც ცდილობდა მარიოს შეფერხებას კასრებით, სანამ უკანასკნელი ცდილობდა პრინცესის გამოხსნას. ცნობილი ჰიტი, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო არკადებში. მაგრამ დღეს ჩვენს წინაშეა პლათფორმერი ცნობილი გორილის მონაწილეობით, ამჯერად საშუალება გვექნება გავიცნოთ მისი ოჯახის წევრები და სამყარო სადაც ის ცხოვრობს. აქვე მინდა ავღნიშნო რომ, მე მთლიან ფრენჩაიზზე არ ვილაპარაკებ არამედ მხოლოდ პირველ ნაწილზე, ორიგინალი ტრილოგიიდან. თამაში წარმოადგენს ერთგვარ საიდ-სქროლინგ პლათფორმერს, დარენდერებული 3D გრაფიკით რაც სუპერ ნინტენდოსთვის საკმაოდ უჩვეულო იყო. (თუმცა გავიხსენოთ სტარ ფოქსი და ქილერ ინსტინქტი სუპერ ნინტენდოზე) დასაწყისი თამაშისა საკმაოდ სახალისოა - მოხუცი კრენგი კონგი (გორილა წვერებით!) თავისთვის ზის და უსმენს გრამოფონს, ტკბება ცხოვრებით, უეცრად თაითლ სქრინზე ჩამოხტებიან ჩვენი გმირები დანკი და დიდდი კონგი და თაითლ მუსიკაც სწრაფი და ამყოლი რიტმებით იცვლება. ერთი შეხედვით მსგავსი განწყობა და მუსიკალური გაფორმება ცოტახანი მოგწყვიტავთ ცხოვრების რთული და დამღლელი რიტმისგან, საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ და კარგად გაატაროთ დრო ჯუნგლებში, თუმცა მალევე თქვენ ამ თამაშის წყევლას დაიწყებთ, ნერვებს გაიფუჭებთ და ისურვებდით რომ შემქმნელები ამ პროდუქტისა ჯოჯოხეთში იხარშებოდნენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ - ვარჯიში ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში! მსგავსი სტილის პლათფორმერები გამოირჩეოდნენ ჩელენჯითა და დაძაბულობით და დანკი კონგში ეს შესანიშნავად ჩანს - თამაში ნელნელ საფეხურების მიხედვით რთულდება და tricky ხდება.

>>>

ლეველ დიზაინი დანკი კონგისა საკმაოდ თვალწარმტაცი და ლამაზია, ჩვენ საშუალება მოგვეცემა ვიხილოთ კოკისპირული წვიმა, თოვლი, მზის ჩასვლა, დაღამება. მსგავსი დეტალები თამაშს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის რაც მე პირადად მომეწონა. დანკი კონგის მომხიბვლელობა სწორედ მის სიმარტივეში და გენიალურობაშია, მარტივი გეიმფლეი, სთორიც და რიტმი რომელზეც მთელი თამაშია აწყობილი - სწრაფი და უბრალო. რაც შეეხება სთორის სიმარტივეს, დანკი კონგს მოპარავენ ბანანების მარაგს ვინმე კინგი რული და მისი მოსამსახურე - კრემლინგები და გაბრაზებული კონგი რასაკვირველია გამოემართება დანაკლისის ასანაზღაურებლად. მთელი თამაში მიმდინარეობს ერთ მთლიან კუნძულზე, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ნაწილებით (თითო ნაწილში 6-7 ტური). რათქმაუნდა ტურებს შორის გვხვდება სხვადასხვა წევრები კონგების ოჯახიდან - მოხუცი კრენგი რომელიც დასაწყისში ვახსენეთ - გვაძლებს რჩევებს თუ სად ვეძიოთ ესა თუ ის ბონუს ტური ამა თუ იმ ლეველში, ფანკი კონგი - რომელიც გვთავაზობს ლეველებს შორის სწრაფ გადაადგილებას და ქენდი კონგი რომელიც საშუალებას მოგცემთ დაამახსოვრებინოთ გასული პროგრესი. (ქენდი კონგის დანახვისას შეიძლება გაგახსენდეთ მდედრი ბანდიქუდი ქრეშის პირველი ნაწილიდან, ბონუს ლეველების დროს).

>>>

რაც შეეხება თვითონ გეიმფლეის, ყველაფერი შესრულებულია წმინდა წყლის პლათფორმერის კანონების მიხედვით - ვახტებით მტრებს თავზე, ან ვგორაობთ და ისე ვამარცხებთ მათ. ყოველ ტურში ჩამალულია სხვადასხვა საიდუმლო გასასვლელები და კასრები, რომელში ჩახტომის შემდეგაც მოხვდებით ბონუს ლეველში ან პატარა მინი თამაშში. ასევე 100 ბანანის აღების ან სიტყვა K O N G-ის დაწერის შემთხვევაში თქვენ ჯილდოვდებით 1 სიცოცხლით. ასოები კი მიმოფანტულია თვითონ ლეველის მიდამოებში. საწყის ეტაპებზე მათი პოვნა საკმაოდ ადვილია, თუმცა მერე და მერე ეს პროცესიც ძნელდება. ასევე ტურში გადაადგილებისას ჩვენ გვეხმარება სხვადასხვა სახის კეთილი ბინადრები, ესენია : მარტორქა (Rambi), სტრაუსი (Expresso), ხმალთევზა (Enguarde), ბაყაყი (Winky) და თუთიყუში (Squawks). მათი პოვნა საკმაოდ ადვილია - საკმარისია დაინახოთ ყუთი შესაბამისი ცხოველის გამოსახულებით და ვუალა! გარდა ამისა რომელ თამაშში ნახავთ მარტორქაზე ან სტრაუსსზე მოჯირითე გორილას. დანკი კონგის თამაში შესაძლებელია ორშიც. ან თუ მეგობარი არ გყავთ, მაშინ თქვენ დიდდი ან დანკი კონგს კომპიუტერი გააკონტროლებს. მარტოკა თამაშის შემთხვევაში, თქვენ შეგეძლებათ გადაცვალოთ გორილები. დანკი სიძლიერით გამოირჩევა მაგრამ ოდნავ ნელია, როცა დიდდი გაცილებით სწრაფია მაგრამ სუსტი. ეტაპის გასვლის პროცესში ასევე შეიძლება წააწყდეთ ოქროს სიმბოლოებს შესაბამისი ცხოველების გამოსახულებით, 3 ასეთი სიმბოლოს მოგროვების შემთხვევაში კი საშუალება გეძლევათ ითამაშოთ მინი თამაში სადაც მთავარი მიზანი - რაც შეიძლება ბევრი ოქროს ფიგურის მოგროვებაა, რაც მეტი მით უკეთესი. ჯილდოდ კი სიცოცხლეს ვიღებთ.

>>>

შემდეგი ძლიერი მხარე ამ თამაშისა ვიზუალის გარდა, საუნდთრექებია. მომაჯადოვებელი მუსიკა რომელიც საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ. მხიარული რიტმები იცვლება წყნარი ემბიენთის რიტმით, ან სულაც მომენტებში იძაბება და მუსიკასთან ერთად თქვენც იძაბებით. კომპოზიტორები ამ მშვენიერი ჰანგებისა გახლავთ : დევიდ უაიზი, ეველინა ფიშერი და რობინ ბინლენდი, რომლებიც შეეცადნენ შეექმნათ ჯუნგლების ატმოსფერო სულ რაღაც 20იდე კომპოზიციით. ტექნიკური მხარე თამაშს საკმაოდ ძლიერი და დახვეწილი აქვს, Rareware-ს ერთგვარი სტრატეგია - «ACM» (Advanced Computer Modelling), რომლის გამოც კომპანიას ფინანსურ რისკებზე მოუწია წასვლა, თუმცა ექსპერიმენტმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი ვიზუალით გაფორმებული პროდუქტი. მართალია შიგერუმ გააკრიტიკა თამაში თავიდან და ამბობბდა რომ პროდუქტს მხოლოდ გრაფიკის გამო შეიძენს მომხმარებელი, თუმცა შემდეგ მოიბოდიშა და ეს ახსნა იმით რომ, Nintendo მას "აწვებოდა" და თხოვდა რომ გაეკეთებინა Super Mario World 2: Yoshi's Island გრაფიკულად ახლოს დანკი კონგთან.

>>>

* * *

საბოლოო ჯამში ჩვენს წინაშეა საკმაოდ საყვარელი, საინტერესო და ამასთანავე ლამაზი პლათფორმერი სავსე სხვადასხვა მრავალფეროვნებებით რათა სათამაშო პროცესი მოსაწყენი არ ყოფილიყო. ამას ემატება თვალწარმტაცი ვიზუალური გაფორმება და შესანიშნავი მუსიკალური კომპოზიციები, must-have ყოველი სუპერ ნინტენდოს მფლობელისთვის.


© მარად თქვენი Blankbansheee

P.S. რაც შეეხება ჩემს სხვა ფორმატს - შთაბეჭდილებების გაზიარებას, რათქმაუნდა გაგრძელდება და გეგმაშია - MGS-ისა და RE-ს მეორე, მესამე ნაწილები.

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest