GTA - Chinatown Wars, PSP review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

GTA - Chinatown Wars

Unread post#1 » 24 Apr 2015 01:05

>>>


საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ (დაახლოებით 2 კვირა) რაც ბოლო რივიუ დავწერე და დავბრუნდი ისევ მორიგი მიმოხილვით. მინდა ერთი სიახლე გაგაცნოთ, ჩემი კონსოლების ოჯახს შეემატა ახალი წევრი - Original Xbox, 2001-2002 წლის შესანიშნავი კონსოლი, რომელიც სულ რაღაც მიზერულ ფასში ვიყიდე, თავის 25 თამაშით, და რათქმაუნდა "დაჩიპული" (ჩაწერილ დისკებზე რო კითხულობს თამაშებს ანუ), და როცა დრო მექნება ვეცდები შემოგთავაზოთ Xbox-ის ექსკლუზივი თამაშების რივიუები. რაც შეეხება რევიუს, ჩვენს წინაშეა ცნობილი "ჯეტეას" მეათე ნაწილი სახელად - Chinatown Wars. თამაში არც ისე ძველია, (2009 წლის) და თავდაპირველად გამოსული იყო ის შემდეგ პლათფორმებზე - Nintendo DS, და PSP. ხოლო 1 წლის შემდეგ ის გამოვიდა IOS-ის და ანდროიდის სისტემის პლათფორმებზე HD გრაფიკით. წინა ნაწილებისგან ჩაინატაუნი საკმაოდ განსხვავებულია და შესრულებულია პირველი ორი "ჯეტეას" რეტრო სტილში, იზომეტრიული, top-down ასპექტით. მაშ ასე გადავიდეთ უშუალოდ განხილვაზე.

>>>

ბანზაი!

>>>
მინი-თამაში მანქანის გატაცების დროს

რა ასოციაციებს იწვევს თქვენში ჩინეთი? ტრანსვესტიტებს, ბრინჯს და ნარკოდილერებს? სწორია, ზუსტად ამაზე ვილაპარაკებთ დღეს ჩვენ. ჩაინატაუნის მოქმედება ვითარდება ლიბერთი სითიში GTA 4-დან, (დაარქვით ამ ნაწილს სპინ-ოფი თუგინდათ) რომელიც 3 რაიონისგან : ბროკერი (პაროდია ბრუკლინზე), ბოხანი (პაროდია ბრონქსზე) და ალგონკვინი (პაროდია მანჰეტენზე). ხოლო თამაშის ძირითადი ნაწილის გატარება კი მოგიწევთ უშუალოდ ჩაინატაუნში. როგორც ზემოთ ავღნიშნე, თამაში იზომეტრიულია, რაც კარგია და მომწონს, ოდნავ განსხვავებული სვლა სერიებში. სიახლეებს რაც შეეხება, თქვენ შეგეძლებათ იქექოთ ნაგვის ბუნკერებში, სადაც შეიძლება იპოვოთ ვადაგასული ჰოთდოგი ან ჰამბურგერი, რომელიც არაფერს მოგცემთ, ან თუ გაგიმართლათ, წააწყდეთ ავტომატს ან სულაც ყუმბარას. ასევე შეგეძლებათ ითამაშოთ ლატარეა, იყიდოთ სხვადასხვა ბილეთები და როგორც ერთ-ერთ ძველ ქართულ რეკლამაში იყო ("იღბლიანი დარტყმა" თუ გახსოვთ) - "გადაფხიკეთ და მოიგეთ". იარაღს ამ ნაწილში ასე მარტივად მაღაზიაში შესვლით ვეღარ იყიდით, არამედ მოგიწევთ მისი "გამოწერა" Ammu-Nation-ის საიტიდან, რომელსაც ჩვენ გმირი თავისი პორტაბელური PDA-თ ახერხებს. სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, აქ არ გვაქვს მობილური. მაგრამ გვაქვს იმეილი! რომელზეც მოგვივა სხვადასხვა მესიჯები (ამ შემთხვევაში მისიები), ალბათ შემქმნელებს უნდოდათ უფრო რეალობასთან ყოფილიყო მიახლოებული თამაში, უფრო მეტიც - სპამიც კი მოგვდის იმეილზე. ჩაინატაუნი სავსეა მინი-თამაშებით! მაგალითად მანქანის გატაცება რომელიც უბრალოდ ერთი ღილაკის დაჭერით ხდებოდა, ასე აღარაა, ანუ მოგვიწევს "ატვიორტკით" ვინტების მოხსნა, შემდეგ სადენების ერთმანეთზე შეწებება და ვუალა, მანქანა ჩვენია. მაგრამ თუ ამას დროში ვერ მოვახერხებთ, აგვეკიდება პოლიცია. რაც შეეხება პოლიციას, GTA 4-ში მას ჩვენ ვიშორებდით თუ გავიქცეოდით Wanted ზონიდან, მაგრამ აქ, ჩვენ გვიწევს პოლიციის მანქანების დამტვრევა. ანუ თუ მაგალითად 2 ვარსკვლავზე გყავთ პოლიცია აკიდებული, 2 მანქანის მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ, პოლიცია შეგეშვებათ და თქვენზე ხელს ჩაიქნევს. ჩვენ გმირს ცურვაც შეუძლია, და თუ მანქანიანად გადავარდით წყალში, დროულად უნდა მოასწროთ შუშის გატეხვა L და R-ს დაჭერისას, და თქვენ გადარჩებით, თუარადა ჩვენი გმირი თევზების საჭმელი გახდება. ჩაინატაუნში ვერ შევძლებთ ვერტმფრენების და თვითმფრინავების მოთვინიერებას სამწუხაროდ.(თუმცა ქათსინებში კარგად ვხედავთ მათ |( ) ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მანქანის ტარების დროს, სროლასთან ერთად, შესაძლებელია მოლოტოვების და ყუმბარების სროლაც.

>>>

ფულის კეთება ჩაინატაუნში ძირითად ნარკოტიკების ყიდვა/გაყიდვით ხდება, მაგრამ თუ თქვენ 100-200 დოლარი გინდათ უცბად, მაშინ ტაქსის მისიების შესრულება სცადეთ, შეიძლება ცოტა დიდხანს მოუნდეთ მაგრამ დასაწყისთვის არაუშავს. რაც შეეხება ნარკოტიკებს, მეილზე მოგდით მესიჯები სხვადასხვა დილერებისგან, რომლებიც გვთავაზობენ სხდასხვა სახის ნარკოტიკებს - კოკაინს, დეპრესანტებს, ექსტაზის და ა.შ. თუ თქვენ გაქვთ მაგალითად კანაფის დიდი პარტია, და მასზე მოთხოვნაა, ანუ დილერი იყიდის მას უფრო ძვირად, მაშინ თქვენ გაგიმართლათ! უმეტესწილად კი ნარკობიზნესი, ფულის საკეთებლად მშვენიერია. ამ სისტემამ ჩაანაცვლა ქუჩების კონტროლი (სან ადრეასი) და რაიმე კონკრეტული ბიზნესი (მაგალითად ნაყინების ბიზნესი Vice City-ში) ამ ნაწილში. თქვენი სახლი - თქვენი ციხესიმაგრეა, აქ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი პროგრესი, შეინახოთ ნარკოტიკები (თუ მიგაქვთ ნარკოტიკები გასაყიდად, მაშინ 50ზე მეტ ცალს ვერ ატარებთ) ითამაშოთ უკვე გასული მისიები თავიდან და დატკბეთ სხვადასხვა თასების კოლექციით რომელიც თამაშის განმავლობაში მოიპოვეთ. ნუ ავტომიზანი ჩაინატაუნში კარგიცაა და ცუდიც ამავდროულად. კარგია იმით რომ, თუ მიზანში ამოიღებთ ვინმეს, არ დაკარგავთ თვალთახედვიდან, მაგრამ ცუდია მაშინ როცა ბევრი "როჟები" ერთდროულად გესვრიან და უცბად რეაგირებას ვერ ახდენთ. ყველას ახსოვს დამალული 100 დოლარიანი Package-ები ვაის სიტიში, აქ ისინი ჩანაცვლებულია კამერებით, რომელთა აფეთქება შეიძლება მოლოტოვით ან ყუმბარებით. მოლოტოვის დამზადების მინი-თამაში ჩემი ფავორიტია. მივდივართ ბენზინ-გასამართ სადგურთან, და მინი-თამაშიც იწყება, სანამ ბენზინი არ გათავდება, მანამდე შეგვეძლება ვავსოთ ბოთლები (თუ სწორად დაუმიზნებთ მილს ბოთლს რათმაუნდა) და შემდეგ დავუცოთ თავები ნაჭრით. თამაში რომ ძალიან მოსაწყენი არ გახდეს უბრალო მისიების შესრულებით, დამატებულია რენდომ მისიები (საიდ ქვესტები როგორც ასეთი) რომელსაც შეიძლება ძალიან შემთხვევით გადააწყდეთ, (რადარზე აღნიშნულია ის ადამიანის პიქტოგრამით), თუმცა ჯილდო სულ რაღაც 10 ან 20 დოლარი იქნება. და ჩემი ბოლო და ყველაზე საყვარელი დეტალი ეს არის Ammu-Nation-ს მანქანის გატაცება და ნარკოდილერების ფურგონის მოპარვა. პირველის გატაცება საკმაოდ რთულია თუ თქვენ არ გაქვთ ვინჩესტერი, რადგან კარებები ამ მანქანას დაკეტილი აქვს და თუ მოახერხეთ მაინც მისი გადმოყვანა, ადვილად შეიძლება მოგკლათ, ხოლო გატაცების შემთხვევაში, მას მიიყვანთ თქვენს სახლთან და კიდევ ერთი მინი-თამაში, "სვარკით" უნდა მოხსნათ რკინის კარები და ჯილდოდ რაიმე იარაღს "დაითრევთ". რაც შეეხება ნარკოდილერების ფურგონს, მისი გატაცება ძალიან ადვილია, და მისი მოყვანის შემდეგ, ისევ მინი-თამაშია - მანქანის კარების შიგთავსის ამოჭრა, რომელშიც შეილება იყოს ნარკოტიკები ან სულაც არაფერი.

>>>

დაკარგული ხმალი

>>>

ჩაინატაუნის მთავარი გმირი ლიბერთი სითიში ჩამოსული ჰუანგ ლინია, რომელიც აქ გარკვეული მიზეზით ჩამოვიდა - მისი მამა გარდაიცვალა და აქ ლიბერთი სითიში, მან უნდა წაუღოს ოჯახური რელიქვია, რომელიც მას ეკუთვნოდა - უძველესი ხმალი Yu Jian (რომელიც მამამ პოკერში მოიგო, რა უცნაურიც არ უნდა იყოს) რათა ამით უფრო გაამყაროს ურთიერთობა და რეპუტაცია ტრიადის (ე.წ. ჩინური მაფია) სათავეში მოსულ ოჯახში. თვითონ ჰუანი გათამამებული მამიკოს ბიჭია, რომელიც აქ ახალი თავგადასავლების საძიებლად და გასართობად ჩამოვიდა. მაგრამ საქმე არც ისე კარგად წავიდა როგორც უნდა ყოფილიყო, ჩამოსვლიდან რამდენიმე ხანში, ჰუანის ესკორტ "სასტავს" კლავენ და ხმალიც ქრება. ნუ როგორც ხდება ხოლმე ჰუანგმა უნდა გაიროს დიდი და გრძელი გზა, ღირსების, სიმდიდირის და შურისძიების მოსაპოვებლად ყველაზე სახიფათო და მორალურად გახრწნილ ქალაქში. მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ შევხვდებით 8 პერსონაჟს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ინდივიდუალურობით და ქარიზმატულობით. რათქმაუნდა სთორიში იხლართება ინტრიგები, დრამა, დაძაბულობა და ეს ყველაფერი საინტერესო რიტმით მიმდინარეობს. ჩემი აზრით მსგავსი კონცეპტი საინტერესოა, რადგან სადაც იტალიურ მაფიაზე, ამერიკელ შავკანიან განგსტერებზე იყო აქცენტი გაკეთებული, ჩინურ მაფია - ტრიადაც შეიძლება ამ მიემატოს ამ ჩამონათვალს. მისიები დიდი სიძნელით არ გამოირჩევა, შეიძლება 1-2 მისიაზე გაიჭედოთ, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ ადვილად გაივლით მათ. რაც შეეხება ვიზუალებს, იგი შესრულებულია სელ-შეიდინგის სტილში, 2დ პოლიგონებით, და შავი ჩრდილებით - რათა კარგად წარმოჩინდეს კომიქსების სტილის ესთეტიკა. ქათსინებიც არ გამოირჩევა რაიმე ანიმაციით, ისიც კომიქსებივითაა წარმოჩენილი. ყოველთვის ვხალისობ ჰუანგის დაბნეულ "ჩაკაიფებულ" სახეზე ქათსინებში. ნუ საუნდთრექს რაც შეეხება, სულ არის 5 რადიო station და შეგვეძლება მოვისმინოთ მუსიკა ისეთი მუსიკოსებისგან როგორებიცაა : Anvil,Tortoise, DFA Records,Turntables on the Hudson და DJ Khalil.

>>>


***

საბოლოო ჯამში, ჩაინატაუნი ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ნაწილად იქცა "ჯეტეას" სერიებში. ყველაზე ძალიან კი სწორედ ამ რეტრო-იზომეტრიულმა სტილმა მომხიბლა, რომელიც ოდნავ განსხვავებული იყო წინა ნაწილებისგან. ვიზუალებმაც კი დაიმსახურა ჩემი სიმპატია. აუცილებლად ნახეთ ეს თამაში თუ აქამდე არ გსმენიათ მის შესახებ და მხოლოდ ამ რევიუთი გაიგეთ მისი არსებობა. და თუ თქვენ გაქვთ აიპადი ან აიფონი და ან ანდროიდის პლანშეტი, ან სულაც სმარტფონი, გადმოიწერეთ და ითამაშეთ! შეაბიჯეთ ჩინური მაფიის დაუნდობელ და სასტიკ სამყაროში და ჰუანგთან ერთად ახადეთ ფარდა საიდუმლოებს, დაიბრუნეთ დაკარგული ხმალი და ღირსება, რათა დაიმსახუროთ ტრიადის ბოსის ტიტული.

>>>

© blankbansheee

Riddick
Posts: 11701

GTA - Chinatown Wars

Unread post#2 » 25 Apr 2015 13:12

ყოველთვის მინდოდა ნახვა და ვფიქრობ რო მობილურებისთვის სერიოზული მასთ ჰევია, პროსტა გააჩნია რამდენად მოსახერხებელი სათამაშოა.
სტატიისთვის მადლი, საინტერესო წასაკითხი იყო.
p.s. xbox თუ დაითრიე Shenmue თამაშს გირჩევ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 87 guests


cron